შენ ლამაზი
თვალები გაქვს...
გიყურებ და სიხარულს
ცრემლებად ვღვრი...
ნუშის ყვავილივით
ნაზი ხარ, ატმის კვირტების სუნთქვას აყოლილი..
პეპლის ფრთასავით
მსუბუქს პატრონი გინდა და ამიტომ
ცას შეგაყვარებ,
ამ ულამაზესსა და უღრმეს სივრცეს...
მზეს შეგაყვარებ,
ასე თბილსა და შორს...
იის სურნელით გაგითბობ
სხეულს სუსხიან ღამეს...
თითოეული ბალახის
ღერთან გალაპარაკებ...
თითოეული მიწის
ბელტთან გათქმევინებ გულალალ სიტყვას...
ყოველი ხის ძირთან
საიდუმლოს გაგამხელინებ...
იის ყვავილების
სინაზეს აგიბრწყინებ თვალებში...
დამილოცნია შენთვის
ეს გრძელი გზა!
გავა წლები და შენ,
ჩემი მოსწავლე, ჩემთან მოხვალ და თვალებით მკითხავ: რატომ გიყვარვარო?
და მე კვლავ დაგანახვებ,
როგორ უხდება ნამს მკრთალი ფერი, ფანტელს - სინაზე, ცეცხლს - სიძლიერე...
ოდესმე დაგანახვებ,
როგორ უხდება ზღვას მთვრალი ტალღა...
შემოგხედავ და სიხარულს
ცრემლებად დავღვრი...
შენი პირველი მასწავლებელი
მანანა ნოზაძე
2013 წლის 24 მაისი

Комментариев нет:
Отправить комментарий